რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის იურისტებმა უზენაესში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს

რუსთავი ორის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. იურისტების შეფასებით, დოკუმენტმა მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა. მათი აზრით, დოკუმენტმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს რუსთავი ორის საკასაციო სარჩელის დასაშვებობა და შემდეგ, მისი დაკმაყოფილება. დოკუმენტთან ერთად, ადვოკატებმა სასამართლოში გუშინ გასული გადაცემის ვიდეოჩანაწერიც წარადგინეს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი ლევან ალაფიშვილი ადასტურებენ შეთანხმების არსებობას. რუსთავი ორის იურისტები აღნიშნავენ, რომ თუ ამ დოკუმენტის არსებობა ეცოდინებოდა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს, მაშინ გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა. 

"ეს მტკიცებულებები დაეხმარება უზენაეს სასამართლოს პირველ რიგში იმისთვის, რომ დასაშვებად ცნოს საქმე და მეორე რიგში, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელი მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს საქმის ქვემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, რათა საქმე სრულყოფილად იქნას გამოკვლეული და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ჩვენი საკასაციო პოზიცია, რაც წარდგენილია სასამართლოში, იძლევა იმის საფუძველს, რომ უკვე იქნას დასაშვებად ცნობილი და სასარჩელო მოთხოვვები დაკმაყოფილებული, თუმცა, დღევანდელი მტკიცებულებები, ეს ახლადგამოვლენილი გარემოებები დამატებით დაეხმარება უზენაეს სასამართლოს თუ მას სურს ჭეშმარიტების დადგენა, რომ დასაშვებად ცნოს საქმე და შემდგომ, დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა", - განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

იურისტის განმარტებით, შეთანხმებით ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს არათუ ზარალი არ მიუღია ფასის დისპროპორციულობის გამო, არამედ ის არც კი ფლობდა რუსთავი ორს.

"მას აღიარებული აქვს ეს და, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მას რაიმე ზარალი მიეღო, მითუმეტეს, ედავა არაკეთილსინდისიერებაზე და გარიგების ბათილად ცნობაზე, ფასის დისპროპრციულობის გამო", - აღნიშნავს მურადაშვილი.

რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს, 5 სექტემბერს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება.  

ამასთან, გუშინ, 4 სექტემბერს, რუსთავი 2-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის განცხადებით, ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტის ავთენტურობას ირაკლი ოქრუაშვილიც ადასტურებს. 

კომენტარები