ვიზალიბერალიზაცია

LIBE-ს კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ანგარიშს მხარი დაუჭირა

Reuters

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ანგარიში მომხსენებელმა მარია გაბრიელმა (EPP) წარადგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო", - აცხადებს საგარეო უწყება.

კომენტარები