არჩევნები 2016

თავდემები 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას ცესკოს 8 სექტემბერს წარუდგენენ

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 სექტემბერს წარადგენს.ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ეს იქნება ფაქტობრივად ახალი ეტაპი თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო სამზადისში და ბრძოლაში".პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ, 8 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება.

"თავისუფალმა დემოკრატებმა უკვე დაასრულეს პარტიულ სიაზე მუშაობა, რომელიც მოიცავს 200 თანაპარტიელს. იყო შესაძლებლობა, შედგენილიყო სია არა უმცირეს 100 და არა უმეტეს 200 ადამიანისა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ბევრი მსურველი, გამგეობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სია წარგვედგინა მაქსიმალური რაოდენობით. თავისუფალი დემოკრატების სიის ფორმირებისას ბევრ დეტალს მიექცა ყურადღება, მათ შორის, პარტიის დაპირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ყოფილიყო. ჩვენი სია ამ თვალსაზრისით იქნება უპრეცედენტო, 200 წევრიდან სამოცზე მეტი ქალბატონია წარმოდგენილი პარტიულ სიაში. ყოველ ათეულში ჩვენ გვეყოლება სამი ქალბატონი და უფრო მეტიც. ჩვენი ვალდებულება, რომელიც ერთი წლის წინათ გავეცით და გპირდებოდით, რომ ქალბატონები იქნებოდნენ წარმოდგენილნი სიაში მოწინავე პოზიციებზე, შევასრულეთ სრულად", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა პირველ ოცეულში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

"სიის მეცამეტე ნომერი დაეთმო ქალბატონ ნათია კუტივაძეს, ცნობილ ეკონომისტს, ფინანსისტს, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და ჩვენი ეკონომიკური პროგრამის თანაავტორია დავით ონოფრიშვილთან ერთად. იყო გარკვეული ცვლილებები სიის ფორმირების პროცესში თავისუფალ დემოკრატებში, წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი სულ 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან, 77 პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 73 - მაჟორიტარულით.

კომენტარები