არჩევნები 2016

ქართული ოცნება ეკონომიკური დანაშაულის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას გეგმავს

პარტიამ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის პროგრამა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ძირითადად უკვე არსებული ეკონომიკური/პოლიტიკური და სხვა პროგრამების განვითარებას ემყარება, ხოლო შედარებით ახალი მასში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალია:

"მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;

გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულები 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს", - ნათქვამია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში.

ქართული ოცნების პროგრამა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. თავად ოთხპუნქტიანი გეგმა დოკუმენტის სახით არაა წარმოდგენილი, ის მხოლოდ მთავრობის შიგნით ზეპირი სახით არსებობს.

 
 
 

კომენტარები