ყაზტრანსგაზ-თბილისი

ყაზტრანსგაზი: ქალაქში არსებული გაზის სუნი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი თბილისში გაზის სუნის მომატებსათან დაკავშირებით, რაზეც დღეს აბონენტები საუბრობენ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ყაზტრანსგაზ-თბილისის განმარტებით, აღნიშნული სუნი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სუნი გამოწვეულია ნივთიერება ოდორანტით, რომელსაც საქართველოს ტრასპორტირების კომპანია იყენებს ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ ნივთიერება ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა.

ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზტრანსგაზ-თბილისის განმარტებით, კომპანიის ცხელ გაზებზე ზარებმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად დაელოდონ ოპერატორის პასუხს, საავარიო ბრიგადების ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები და გაანიავონ ფართი. განცხადებაში ნათქვამია, რომ არცერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უფასოდ მოემსახურებიან.

„აღნიშნულის გამო, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები