უკანონო მოსმენები

TI: როცა დანაშაული იღებს სისტემურ ხასიათს, პირველ დამნაშავეს ვეძებთ ხელისუფლებაში

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ ტაბულას უთხრა, რომ სანამ მოსმენების არსებული სისტემა არ შეიცვლება, პირადი ცხოვრების შელახვის რისკი ყოველთვის არსებობს. მისი თქმით, სუს-ი დღეს ფლობს მოსმენების სისტემას, რომელიც შესაბამისად არ კონტროლდება. საჯაიამ ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება შეაფასა.

"საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ სწორედ ამ სისტემის არსებობის ფარგლებში ძალიან დიდია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი და იმიტომაც სცნო მოსმენების არსებული სისტემა არაკონსტიტუციურად. სწორედ ამ გლობალური პრობლემიდან უნდა შევხედოთ თითოეულ იმ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც კონკრეტულ საქმეს და კონკრეტული ჩანაწერის გავრცელებას უკავშირდება. ყველამ და პირველ რიგში ხელისუფლებამ და მომავალმა პარლამენტმაც, კარგად უნდა გაიაზროს, რომ სანამ ეს სისტემა არ შეიცვლება, სანამ არ იქნება დემოკრატიული, კონსტიტუციური და სანამ არ იარსებებს კონტროლის ეფექტური მექანიზმები, ყოველთვის ვდგავართ ამ რისკის ქვეშ, რომ გავრცელდეს უკანონო ჩანაწერი და შეილახოს პირადი ცხოვრება", - ამბობს საჯაია.

TI-ის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ეფექტურად წარიმართოს, თუმცა „ამ მხრივაც ვერ ვიქნებით ოპტიმისტურად განწყობილები“. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩანაწერების გავრცელების არაერთი შემთხვევა მოხდა, თუმცა, „ვერ ვიტყვით, რომ გამოძიება არის ეფექტური და ისჯებიან ის პირები, ვინც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ლახავენ“.

საჯაიას თქმითვე, როცა დანაშაული სისტემურ ხასიათს იღებს, პირველ დამნაშავეს "ხელისუფლებაში ვეძებთ".

"ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვის მიერ იქნება გავრცელებული ეს ჩანაწერი და არც იქნება ჩვენი მხრიდან სწორი. თუმცა, როდესაც დანაშაული იღებს ასეთ სიტემურ ხასიათს, პირველ დამნაშავეს, რა საკვირველია, ვეძებთ ხელისუფლებაში იმიტომ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა ეფექტური გამოძიება. საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებაა, რომ იმ კითხვის ნიშნებს, რაც არსებობს, გასცეს პასუხი", - აღნიშნა საჯაიამ.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები