არჩევნები 2016

კაპანაძე მემორანდუმზე: ფარატინა ქაღალდზე ხელმოწერა ვერ იქნება ქმედითუნარიანი

სერგი კაპანაძე
ტაბულა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ "სამშვიდობო მემორანდუმის" გაფორმება ქმედითუნარიანი ვერ იქნება. საუბარია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ პარტიებს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმდეს. დოკუმენტის თანახმად, "იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან, არ უნდა მივიდეს ოპოზიციური თუ მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი".

"ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდების ხელმოწერა, არამედ ქმედითი ღონისძიებების გატარება. მათ შორის, იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში, მაგალითად, კორცხელის ინციდენტში ვინც მონაწილეობდა; მაგალითად, იმ ხალხის დასჯა, რომლებმაც ჩვენი ოფისები დააზიანეს ან ბილბორდები ჩამოხიეს. არცერთი ეს ადამიანი დასჯილი არაა. ამიტომ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ამ დანაშაულების გამოძიება და მერე მათი დასჯა, თორემ ფარატინა ქაღალდების ხელმოწერა მარტივი საქმეა და პრობლემას არ უშველის", - თქვა სერგი კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ასეთი მემორანდუმის არსებობას მიესალმა.

კომენტარები