არჩევნები 2016

კობახიძე პარტიებს: უარი თქვით კონტრაქციებზე და შემოუერთდით მემორანდუმს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებს მოუწოდებს, უარი თქვან კონტრაქციებზე. მისი თქმით, "კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი". კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი". ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა შესთავაზა ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე.

„ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ პოლიტიკური პარტიებისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა იყო პარტია, რომელმაც უარი თქვა, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით, ძალადობის პროვოცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. მემორანდუმის ტექსტი ჩვენ შეგვიძლია დავუგზავნოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ამ მემორანდუმს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები