არჩევნები 2016

ქართული ოცნების „სამშვიდობო მემორანდუმს“ თავდემები და რესპუბლიკელები უერთდებიან

ქართული ოცნების წინასაარჩევნო „სამშვიდობო მემორანდუმს" თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უერთდებიან. მემორანდუმის თანახმად, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა წინასაარჩევნო კამპანიისას კონტრაქციებზე უარი უნდა თქვან.

„არ მგონია, რომ აუცილებელია ამგვარი ზედმეტი დოკუმენტის მიღება, თუმცა, ნებისმიერ დოკუმენტს თუ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, თუ რაიმე შედეგს მოიტანს", - თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პოლიტიკური გაერთიანება, ავტორის ვინაობის მიუხედავად, ნებისმიერ მსგავს ინიციატივას შეუერთდება. „თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას აკისრია", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სერგი კაპანაძის თქმით კი, მემორანდუმი „ფარატინა ქაღალდია" და ქმედითუნარიანი ვერ იქნება.

"გამოსავალი არ არის მემორანდუმის ხელმოწერა და არც ხელმოწერაა პრობლემა. პრობლემას არ აგვარებს ეს მემორანდუმი. ეს იქნება რაღაც ფარატინა ქაღალდი. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს საჭიროა, ხელისუფლებამ გადადგას დიდი ნაბიჯები, გამოიძიოს აქამდე არსებული დარღვევები - კორცხელის ინციდენტი, ჩვენს ოფისებზე შეტევის შემთხვევები, მათ შორის. მაშინ, როცა ანონსდებოდა ეს შემთხვევები, პარალელურად სცემდნენ ჩვენს აქტივისტებს, ამიტომ ეს უნდა გამოიძიონ და ეს იქნება სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი", - თქვა კაპანაძემ.

ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს „ფარატინა ქაღალდს" უწოდებს საარჩევნო ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ისიც ამბობს, რომ მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერას აზრი არ აქვს, თუკი უკვე მომხდარ ინციდენტებზე არ იქნება რეაგირება.

"რა მნიშვნელობა აქვს ფარატინა ფურცლების ხელმოწერას, თუ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებას არ ახდენენ კონკრეტულ ფაქტებზე. ჯერ მოახდინონ რეაგირება და მერე ვისაუბროთ ამ ფურცლების ხელმოწერაზე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით კი, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა, ის ამ პასუხისმგებლობას არ იღებს. მან პოლიტიკურ პროცესებში სუს-ის ჩართულობის შესახებ ისაუბრა და ქართული ოცნების ინიციატივას მემორანდუმის შესახებ „ფარისევლობა" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სუბიექტებს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს პარტიების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და არჩევნების კორექტულად ჩატარების შესახებ, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.

კომენტარები