არჩევნები 2016

ქართულმა ოცნებამ "სამშვიდობო მემორანდუმი" წარადგინა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი წარადგინა. მისი თქმით, მემორანდუმში წერია, რომ ხელმომწერი საარჩევნო სუბიექტები არ მოაწყობენ კონტრაქციებს და სხვა სუბიექტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ხელს არ შეუშლიან.

"ამ მემორანდუმის მიზანი გახლავთ კონტრაქციების თავიდან აცილება იმისათვის, რომ არ დავუშვათ ძალადობა, ძალადობის პროვოცირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექსტი, რომელიც არის დატანილი და ამ ტექსტს გაგაცნობთ: მემორანდუმში აღნიშნულია, რომ

ჩვენ, ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა; ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე.

კობახიძის თქმით, მემორანდუმი პარტიებს დღეს დაეგზავნებათ.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნების წინასაარჩევნო "სამშვიდობო მემორანდუმს" თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უერთდებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სერგი კაპანაძის თქმით კი, მემორანდუმი "ფარატინა ქაღალდია" და ქმედითუნარიანი ვერ იქნება. ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს "ფარატინა ქაღალდს" უწოდებს საარჩევნო ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ისიც ამბობს, რომ მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერას აზრი არ აქვს, თუკი უკვე მომხდარ ინციდენტებზე არ იქნება რეაგირება. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით კი, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა, ის ამ პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები