მამუკა ახვლედიანის გადაყენება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ კანონიერად ცნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს. მოსამართლის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენა და არა მოსამართლეობიდან.

ახვლედიანის მიერ დაარსებული მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მაკა თოდუას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება "კანონიერების ყველა ჩარჩოს სცილდება".

"ცალსახად არ ვიზიარებ, რაც მოვისმინე. ჩემი აზრით, სცილდება კანონიერების ყველა ჩარჩოს. განმარტება თავიდანვე არასწორია, ადმინისტრაციული თანამდებობის და მოსამართლის თანამდებობის გამიჯვნა. ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა. პირდაპირ უნდა გავრცელებულიყო სადისციპლინო წარმოების წესი. ამასთანავე, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული თანამდებობა, მაშინ მას უნდა გაევრცელებინა ჩვეულებრივი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ზოგადი ადმინისგტრაციული კოდექსი, ანუ ის ნორმები, რაც საჯარო სამსახურიდან პირის გათავისუფლების სადისციპლინო წარმოებას არეგულირებს", - ამბობს თოდუა.

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 22 თებერვალს გადააყენა. 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. ახვლედიანს ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით და NGO-ების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა.

კომენტარები