არჩევნები 2016

GfK: 46.5% ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 27.6% სწორი მიმართულებით

gfk

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 46.5% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 27.6% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. პასუხის გაცემა 25.8%-ს უჭირს. 

მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა დასახელდა.

იმავე კითხვაზე, იმავე ორგანიზაციის მიერ, აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, პროცენტები ასე იყო გადანაწილებული - 46.3% არასწორი მიმართულებით, 28.9% სწორი მიმართულებით, პასუხის გაცემა უჭირს 24.8%-ს.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის 12-25 სექტემბერს მოხდა, საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის გზით. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია. გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია.

გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათური ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს, ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. შედეგები ემყარება ამომრჩეველთა პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია, ასახოს გამოკითხვაში მონაწილე თითოეული ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხზე.

გამოყენებულ იქნა კვლევის მონაცემების კორექტირება დემინგის განმეორებითი პროპორციული ალგორითმის გამოყენებით იმისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები - ასაკი, სქესი, განათლების დონე, დასახლების ტიპი და რეგიონი ისე, რომ საბოლოო შედეგი ასახავდეს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის გადანაწილებას ამ მონაცემებით ბოლო აღწერის შესაბამისად.

კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა.

კომენტარები