არჩევნები 2016

საოლქო საარჩევნო კომისიამ მარნეულის #48-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო

რუსთავი 2

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მარნეულის #36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო. ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველო ავრცელებს.

"დღეს მრავალეროვანი საქართველოს საჩივრის საფუძველზე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მარნეულის #36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48-ე უბნის (სოფელი ყიზილაჯლო) შედეგები ბათილად ცნო.

შეგახსენებთ, რომ ამ საჩივარს საფუძვლად დაედო 8 ოქტომბერს უბნის შიგნით და მის გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენები. მრავალეროვანმა საქართველომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნული საარჩევნო უბნის ბიულეტენების ბათილობა, იმდენად, რამდენადაც ამომრჩეველს კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე არ მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რასაც შესაძლოა, გავლენა ექონია არჩევნების შედეგებზე", - წერია განცხადებაში.

36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. შსს მომხდარში ენმ-სა და პაატა ბურჭულაძის პარტიას ადანაშაულებენ, რასაც ენმ გამორიცხავს.

ამ დროისთვის, ცესკომ უბნების 99.92% დათვალა. #36-ე მაჟორიტარულ ოლქში ენმ-ის კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს 47.62% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ თამაზ ნავერიანს კი 43.66%. ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები