საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს 20 ოქტომბერს აირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00-ზეა ჩანიშნული.
ამასთან, ხვალ, 13 ოქტომბერს, პლენუმი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. სხდომა 14:00-ზე გაიმართება.
"ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.
კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარს დაუჭერს საკონსტიტიციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი.