არჩევნები 2016

ენმ: სესიაშვილი საარჩევნო კომისიის წევრებს II ტურისთვის პირდაპირ აძლევს დავალებებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ქართულ ოცნებას საარჩევნო ადმინისტრაციით მანიპულირებაში ადანაშაულებს. დღევანდელ ბრიფინგზე ბოტკოველმა წარადგინა კადრები, რომელშიც მისი განმარტებით, ჩანს, როგორ გამოდიან ქართული ოცნების ოფისიდან ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვადასხვა საარჩევნო უბნის თანამშრომლები. ბოტკოველის მტკიცებით, ამ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა და მან საარჩევნო კომისიების წევრებს მეორე ტურისთვის დავალებები მისცა. ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის ინფორმაციით, კადრები 10 ოქტომბერს არის გადაღებული. 

"გვაქვს კადრები, როცა ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს საარჩევნო კომისიის წევრებს, ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19 უბანში ვარ გამარჯვებული მე. სწორედ ამ 19 უბნის როგორც საოლქო კომისიის კვოტით, ისე პარტიიდან დანიშნულ კომისიის წევრებს იბარებენ და პირდაპირ აძლევენ დავალებებს", - განაცხადა ბოტკოველმა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქში მეორე ტური იქნება. ქართული ოცნების კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს 41.62% აქვს, ხოლო ენმ-ის კანდიდატ გიორგი ბოტკოველს - 35.39%.

კომენტარები