არჩევნები 2016

მარნეულში დაკავებულ ენმ-ის 6 აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რუსთავი 2

სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ენმ-ის აქტივისტებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი რუსთავის სასამართლოში მიმდინარეობდა. პროცესი 6 დეკემბერს გაიმართება.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე 6 პირი საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნება სპეცრაზმისა და დაშინების გზით ცდილობს მეორე ტურის მოგებას.

"ყიზილაჯლოელ ახალგაზრდებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. კორცხელის მოძალადეები კი გარეთ არიან და იარაღსაც ატარებენ. ესეც ჩვენი თავისუფალი სასამართლო", - ამბობს ენმ-ის წევრი, სერგი კაპანაძე.

"მარნეულის ინციდენტის სასამართლოზე ვარ და ჩემი თვალით ვხედავ, რომ ნაცემები არიან რამდენიმე. ზოგი დაკავებისას ცემეს, ზოგი განყოფილებაში", - წერს ელენე ხოშტარია facebook-ის პირად გვერდზე.

შს მინისტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, დაკავებულებს "ჩვეულებრივი კრიმინალები" უწოდა.

"პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს, ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. მე დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი. არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, ეს არის ყველაფერი გამოგონილი და ალბათ გაგიგიათ "თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა", მსგავსი არაფერი არ ყოფილა", - თქვა გიორგი მღებრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარობისას კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მომხრეებს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ ხულიგნობაში ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურა არა პატიმრობას, არამედ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები