მოხის მეჩეთი

ომბუდსმენი: 2014 წლის შემდგომ მოხეში სახელმწიფომ სადავო მეჩეთის ბედი ვერ გადაწყვიტა

ადიგენის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც რამდიემე დღის წინ მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ლოცვა დაიწყეს. მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ ადიგენის სოფელ მოხეში 2014 წლის შემდგომ ვერ გადაწყვიტა სადავო შენობის ბედი, რის გამოც მოხეს მკვიდრთა ღვთიმსმსახურების უფლება იზღუდება. სადავო შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობა არის მეჩეთი, თუმცა, შენობის კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული კომისიის მიერ, რომელიც სადავო შენობის საკითხს 2 წელია სწავლობს.
 
"როგორც მუსულმანები აღნიშნავენ, მათ მიერ სადავო ნაგებობაში ლოცვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ადგილზე, სადაც რელიგიურ რიტუალს განახორციელებენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის ღვთისმსახურების ადგილის არსებობა და ლოცვა სხვებთან ერთად, რის შესაძლებლობას მუსლიმი თემი ამჟამად მოკლებულია. ცალკეული ინდივიდებისთვის თუ რელიგიური გაერთიანებისთვის რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის ხელშეშლა იწვევს მათ უთანასწორო მდგომარეობას და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენდეს დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით.
 
მნიშვნელოვანია, რომ შენობის კუთვნილების გაურკვევლობის გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დაძაბულობის საბაბი გახდეს. სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს. ამასთან, სახალხო დამცველი აქტიურად დააკვირდება მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის სალოცავი ადგილით უზრუნველყოფის პროცესს" - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
 

დაპირისპირება სოფელ მოხეში 2014 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივმა მუსლიმურმა თემმა მეჩეთის დემონტაჟის დაწყება გააპროტესტა. სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აცხადებდა, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს. მეჩეთი მუსლიმებს საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. 

კომენტარები