ერაყმა ქალაქ მოსულის ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

AFP

ერაყის პრემიერმინისტრის თქმით, ერაყის არმია და პოლიცია დღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის გასათავისუფლებლად მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ. მოსული 2014 წლის ივნისიდან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აქვს დაკავებული.

სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას ქურთი მეამბოხეები და ერაყის მოკავშირეებიც მიიღებენ. ოპერაციის წარმატების შემთხვევაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფო განდევნილი იქნება ერაყის ყველა დიდი ქალაქიდან, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ნავთობის მდიდარი მარაგებით არის ცნობილი. 

ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ტერორისტების ტყვეობაში მყოფი 1.5 მილიონი ადამიანის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ცნობისთვის, ერაყის არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან 3 დიდი ქალაქი უკვე გაათავისუფლა, 2015 წელს - ტიკრიტი და რამადი, 2016 წლის ივნისში კი - ფალუჯა.

კომენტარები