აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

МИД: არჩევნების შემდეგ დიალოგის გაგრძელებით ორივე მხარე დაინტერესებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს პრაღაში გამართულ, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთისა და საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია გააგრძელოს დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობის არაქონის ფონზეც შესაძლებელია. კერძოდ - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო", - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი, ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის მხარეებმა პრაგმატული კურსი გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები საკმაოდ ოპტიმისტურია.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა ქართული კინოსტუდიის მიერ გადაღებული ფილმების ორიგინალების ქართული მხარისთვის გადაცემა დაიწყო.

გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება.

რუსეთის საგარეო სამინისტროს ცნობით, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარები