ლარის კურსი

ეროვნული ბანკი: ფაქტორები, რომლებიც სექტემბერში ლარის კურსზე ახდენდნენ გავლენას

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

პირველი ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.409 ლარია, ერთი ევროს შეძენა კი 2.63 ლარად არის შესაძლებელი. ლარი გასული თვის მანძილზე დოლართან 3.4%-ით, ევროსთან კი 1.3%-ით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც გასული პერიოდის მანძილზე კურსზე მოქმედი ზოგიერთი ფაქტორი, მათ შორის, საგარეო სექტორის მიმოხილვაც არის შესული. აღნიშნული პერიოდის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესარბილებლად სავალუტო ინტერვენციების გზით $60 მილიონი გაყიდა. 

ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებდნენ:

იმპორტის 1.9%-ით შემცირება:

იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა, მისი შემცირება კი ერთი მხრივ ადგილობრივ მოხმარებაზე უარყოფითად აისახება, თუმცა ის, ასევე, ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს.

"2016 წლის სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 1.9% შემცირდა (C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე). იმპორტის შემცირება ძირითადად არაბთა გაერთიანებული ემირატებთან იმპორტის კლებას უკავშირდება. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ჩინეთთან და თურქეთთან განხორციელებული იმპორტი შემცირებული, ხოლო ნიდერლანდების, გერმანიის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებიდან გაზრდილია. 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყენებია (c ჰეპატიტის იმპორტის გარეშე): თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, გერმანია, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები. ჯამურად სავაჭრო პარტნიორების იმპორტი მთლიანი იმპორტის 56%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნების მიხედვით თითქმის არ შეცვლილა.

2016 წლის სექტემბერში იმპორტირებული საქონლის 58.6% სამკურნალო საშუალებებზე მოდიოდა, რომლის უდიდესი წილი ზემოთ აღნიშნული C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებია. სექტემბერში იმპორტის წლიური კლება ძირითადად ნავთობის აირების შესყიდვების შემცირების შედეგია (-43.1%). ასევე მკვეთრად შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა (-44.1%). ძირითადი საიმპორტო საქონლებიდან ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე გაწეულმა დანახარჯებმა წლიურად კვლავ იკლო თუმცა ამჯერად უფრო ნაკლები ტემპით (-8.4%). ზრდის მიმართულებით სატელეფონო აპარატების, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციებისა და ნედლი ნავთობის იმპორტის მატება მოქმედებდა. საანგარიშო თვეში მნიშვნელოვანი იყო რეექსპორტთან დაკავშირებული იმპორტის, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, შესყვიდების ზრდა (20.6%) გაზრდილია მსუბუქი ავტომობოლების იმპორტიც, რაც ნაწილობრივ ავტომობილების რეექსპორტის ზრდას უკავშირდება", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ექსპორტის 8.3%-იანი ზრდა

"2016 წლის სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 8.3%-ით გაიზარდა. ჩინეთთან განხორციელებულმა ექსპორტის მატებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდაში, რაც ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის ზრდას უკავშირდება. გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ ბულგარეთიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლები. ბულგარეთის შემთხვევაში ზრდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის, გერმანიასთან - კაკლის, ხოლო რუმინეთთან ნედლი ნავთობის გაყიდვების მატებამ გამოიწვია. თუმცა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ექსპორტი შემცირებულია. 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, რუსეთი, და სომხეთი. ჯამურად ძირითადი საექსპორტო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტში 57%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით დივერსიფიკაცია გაუარესებულია.

2016 წლის სექტემბერში ექსპორტირებული საქონლის 18.6%-ს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს, რომლის რეექსპორტიც წლიურად 172.9%-ით არის გაზრდილი. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაკალზე (თხილი), ნედლ ნავთობსა და მაგარ სპირტიან სასმელებზე საგარეო მოთხოვნის მატებამ. აღსანიშნავია, ასევე დაუმუშავებელი ოქროსა და მინერალური წყლების ექსპორტის ზრდა. საპირისპიროდ, შემცირებულია სამკურნალო საშუალებების, ღვინისა და ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის მიხედვით დივერსიფიკაცია გაუარესებულია", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ფულადი გზავნილების 13.1%-იანი ზრდა

"2016 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა და 100.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 11 %-ით გაიზარდა და 15.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა (21.4%), რაც ძირითადად საბერძნეთიდან, იტალიიდან გადმორიცხვების მაღალი ტემპის შედეგია. გზავნილების ზრდა ასევე ძირითადი ქვეყნებიდან აშშ (39.5%), თურქეთი (44.7%) და ისრაელიდან (97.2%) გადმორიცხვების მატებამ განაპირობა.

კვლავ შემცირებულია რუსეთიდან გადმორიცხული თანხები (-4.9%). მოიკლო ყაზახეთიდან (-25.4%), უკრაინიდან (-10.5%), აზერბაიჯანიდან (-7.3%) და ესპანეთიდან (-2.1%) ფულადმა ტრანსფერებმა. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (34.9%) და ევროკავშირის ქვეყნები (31.1%) წარმოადგენს. რუსეთიდან ფულადი გზავნილები კლებადი, ხოლო ევროკავშირიდან ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. საანგარიშო თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან ფულად გზავნილებში 6.6%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 2.1%-ით გაიზარდა", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ტურისტული ნაკადის 11%-იანი ზრდა

"2016 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა. ამათგან ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 48.3% შეადგინა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.2%-ით მოიმატა.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (31%) და ირანიდან (572%) შემომსვლელების მატების შედეგია. მნიშვნელოვანი იყო სომხეთიდან (4%), აზერბაიჯანიდან (8%) და უკრაინიდან (28%) შემოსული ვიზიტორების ზრდა. საანგარიშო თვეში კვლავ შემცირებულია თურქეთიდან შემოსული ვიზიტორები, თუმცა ამჯერად ნაკლები ტემპით (-5.2%). ძირითადი ქვეყნებიდან პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ისრაელისა (44%) და გერმანიიდან (22%) შემომსვლელების რიცხოვნობაზე. აღსანიშნავია, რომ ტრანზიტული ვიზიტების კლებადი ტენდენცია სექტემბრის თვეში ზრდის მიმართულებით შეიცვალა. საანგარიშო თვეში ტრანზიტული შემომსვლელების რიცხოვნობა 3.8%-ით გაიზარდა და მთლიანი ვიზიტორების 23.6% შეადგინა", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

უცნობია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბოლო თვეების სტატისტიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოურიინვესტიციების სახით $834 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად უცნობია თუ როგორი საინვესტიციო ნაკადი იყო წლის მესამე კვარტალში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ამ მონაცემებს საქსტატი 9 დეკემბერს გამოაქვეყნებს, იქამდე კი უცნობია, არის თუ არა შემცირებული საინვესტიციო ნაკადი ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი.

ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი

"სექტემბერში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის $60 მილიონიანი ინტერვენციების გარეშე) 57.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.5 მილიონი აშშ დოლარით (11%-ით ) მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 42.1%-ით მეტი წინა წლის შესაბიმისი თვის მონაცემზე. იმავდროულად კომერციულ ბანკებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა (წინა წელთან შედარებით კი 35%-ით გაიზარდა). თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, და ჯამში 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სექტემბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია მცირედით შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 57 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 58%-ს შეადგენდა) ქვეყანაში მოქმედი 19 ბანკიდან 5 ბანკზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ბანკს ბაზრის 56% უჭირავს", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები და ინტერვენციები

"2016 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 30.1 მლნ დოლარით შემცირდა. რეზერვების კლება ძირითადად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის გაყიდვით განხორციელებულმა ინტერვენციებმა $60 მილიონის ოდენობით გამოიწვია. შემცირების მიმართულებით იმოქმედა ხაზინასთან განხორციელებულმა ოპერაციებმაც. აღნიშნული კლება გარკვეულწილად კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების ზრდამ გაანეიტრალა. ზრდაზე ასევე მცირედით იმოქმედა გადაფასებამ და საპროცენტო შემოსავალმა", - წერია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

კომენტარები