კრიმინალი

სუს: დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ.-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები