ევროპის უსაფრთხოება

გერმანია: ტრამპის გამარჯვება დააჩქარებს ევროკავშირის სამხედრო გაერთიანების შექმნას

Wir. Dienen. Deutschland

გერმანიის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება და ბრექსიტი დააჩქარებს ევროკავშირის მიერ თავდაცვის გაძლიერების საკითხზე მუშაობას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ვონ დერ ლეიენის თქმით, "ევროპას სჭირდება ერთიანი ნება უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებისთვის. ამერიკის არჩევნები ამისთვის დამატებითი სტიმულია. ბრექსიტის გადაწყვეტილებამ და ამერიკის არჩევნებმა ევროპა ახალ მიმართულებაზე გადაიყვანა."

ვონ დერ ლეიენის თქმით, გერმანიისა და ევროპისთვის რთული იყო, შეეფასებინათ ტრამპის პრეზიდენტობიდან რას უნდა ელოდონ. მისივე მოსაზრებით, ევროკავშირის უსაფრთხოება კვლავ დამოკიდებული იქნებოდა ამერიკასა და NATO-ზე, მაგრამ ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ ევროპა უსაფრთხოების კუთხით თვითკმარი უნდა იყოს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი ორგანიზაციის აუცილებლობაზე, რომელიც კონცენტრირებული იქნება აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა ნაკადის შემსუბუქებაზე. "ჩვენ თუ არ მივაქცევთ ყურადღებას პრობლემებს, გარკვეულწილად შედეგები გვექნება", - თქვა მან.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის აზრით, "ნათელია ყველასთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაში წარმატებას მივაღწევთ, თუ ვიმუშავებთ, როგორც ნამდვილი გაერთიანება, სუპერ ძალის სრული პოტენციალით თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით."

მოგერინი ფიქრობს, რომ, მართალია, NATO კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედია, მაგრამ ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომია უნდა ჰქონდეს. მისივე მოსაზრებით, უნდა შეიქმნას მცირე ზომის შტაბბინა მისი სამხედრო მისიებისთვის, რომელიც იქნება ბელგიაში მდებარე NATO-ს ოფისის მცირე ვერსია.

აღსანიშნავია, რომ კვირას, გერმანიის ორგანიზებით, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სადილზე შეიკრიბებიან, სადაც ისაუბრებენ ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობაზე.

ორშაბათსა და სამშაბათს კი, ევროკავშირის დედაქალაქში საგარეო და თავდაცვის მინისტრები განიხილავენ მოგერინის "თავდაცვისა და უსაფრთხოების იმპლემენტაციის გეგმას".

დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაციაც 2017 წლის 20 იანვარსაა დაგეგმილი, წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ ის არ დაიცავს NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც თავდაცვის შენებაში სამართლიანი წილი არ აქვთ. მისივე თქმით, მან შესაძლოა, აღიაროს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

კომენტარები