რუსთავი 2-ის საქმე

მურუსიძე: ზარდიაშვილს არ აქვს ძალა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს

facebook.com/საქართველოს-იუსტიციის-უმაღლესი-საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკა გვარამიას ბრალდებებს, მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, პასუხობს. მურუსიძის თქმით, განცხადება, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა, ცილისწამებაა. როგორც მურუსიძე ამბობს, ივანე ზარდიაშვილს "არ აქვს ის ძალა, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს".

"თავად სამმა მოსამართლემ განაცხადა, რომ თავის დროზე მათზე ზეწოლა არ ყოფილა. მე ისიც ვთქვი, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ ჩინჩალაძე რაიმე ზეგავლენას ახდენდა, იყო ცილისწამება. სრული დარწმუნებით მინდა გიპასუხოთ, რომ არავითარი ურთიერთობა ამ ხნის განმავლობაში მიხეილ ჩინჩალაძეს არ ჰქონია სამ მოსამართლესთან, რომლებც უშუალოდ იხილავდნენ საქმეს. თუ თქვენ გაქვთ თქვენი წყაროები, იქნებ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, ეს იმდენად აბსურდული თემაა, როგორც აი, ნებისმიერს, აი, თქვენ რომ დაგაბრალონ ზეწოლის მოხდენა. ვინაიდან არ იცნობს, არანაირი კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, არ აქვს ის ძალა, კომპეტენცია და გავლენა, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს", - თქვა ლევან მურუსიძემ რ2-თან საუბრისას.

28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა დააანონსა. გვარამიამ იმ პირების ვინაობაც დაასახელა, ვინ სასამართლოზე ზეგავლენას ახდენენ, მათ შორის არიან "იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კანცელარიის წარმომადგენელი პარლამენტში შალვა თადუმაძე, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე და ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა".

კომენტარები