გივი თარგამაძის საქმე

თარგამაძე: მოტივის გარეშე დანაშაულის გახსნილად გამოცხადება აბსურდია

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე და მისი ადვოკატი გამოძიების საქმის მასალებს პროკურატურაში გაეცნენ. თარგამაძე ისევ ითხოვს საქმის გადაკვალიფიცირებას.

"დაგვრჩა მთავარი კითხვები. მთავარი კითხვა არის კვალიფიკაციის საკითხი, რატომ არ აძლევენ ტერაქტის კვალიფიკაციას. გაუხსნელი მკვლელობები უკვე აქვს ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, გაუხსნელი ტერაქტი ჯერ არ ჰქონიათ და ამიტომაც ერიდებიან ამ კვალიფიკაციის მიცემას. მეორე მთავარი კითხვა, ეს არის მოტივის სრული არარსებობა. მოტივის გარეშე დანაშაულის გახსნილად გამოცხადება თავისთავად აბსურდია, წინასაარჩევნოდ ამ ადამიანს უცებ მოუნდა ჩემი მოკვლა...", - თქვა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გივი თარგამაძემ.

მუხლის კვალიფიცირებაზე საუბრობს თარგამაძის ადვოკატიც.

"მიზეზი რა არის? რატომ აფეთქებენ გივი თარგამაძეს? თუ არ არსებობს მოტივი, უბრალოდ გაგიჟდა ვიღაც, წავიდა და გივი თარგამაძე ააფეთქა. ეს ხომ იგივეა, ნებისმიერმა ადმიანმა ნებისმიერი ადამიანი ააფეთქოს არაფრის გამო. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი და გვაინტერესებს, რატომ არ არის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მინიჭებული ამ საქმეზე, მაშინ, როდესაც ყველა სხვა დანარჩენი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ტერორისტული აქტი", - ამბობს ადვოკატი.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

კომენტარები