გიორგი ცერცვაძის დაკავება

კახიძე: ცერცვაძეზე რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის ინტერესების ღალატია

ოთარ კახიძე
ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ოთარ კახიძე, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მტერ სახელმწიფოს საკუთარი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც სახელმწიფო ინტერესების, მოქალაქეებისა და ჯარისკაცების ღალატია.

"საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა საკუთარი მოქალაქისა და ჯარისკაცის ინტერესები, პირიქით, დაეხმარა მტერ სახელმწიფოს, რომ პასუხისგებაში მიეცათ საკუთარი მოქალაქე და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა მასალები რუსეთის ფედერაციას, რომ მათ ეწარმოებინათ სისხლის სამართლის საქმე გიორგი ცერცვაძის წინააღმდეგ. გარდა ამისა, როდესაც მოხდა მისი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, არ გააფრთხილა ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცი, რომ მას პასუხისგებაში მიცემა ელოდა. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების ღალატი. საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა, დაიცვას თავისი მოქალაქეები და ჯარისკაცები. არ არსებობს ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც საკუთარი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას მტერ სახელმწიფოს აძლევს", - აცხადებს კახიძე.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

ბრალდებებისთვის ამ დრომდე არცერთ უწყებას არ უპასუხია. ტაბულა შეეცდება მათთან დაკაშირებას და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.  

კომენტარები