გიორგი ცერცვაძის დაკავება

წულუკიანი: მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული და მასზე არც ოკუპანტ ქვეყანას მიუწვდება ხელი.

"ერთადერთი შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული თქვენგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული. მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არცერთი პირადი მონაცემი, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქის ან თუნდაც უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მასზე მით უმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას", - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ცერცვაძის ინტერესების დასაცავად ნაბიჯები უკვე გადადგა.

"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ, სხვათა შორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს", - თქვა წულუკიანმა.

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები