მაია რჩეულიშვილის საქმე

ცენტრ პოინტის დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

fortuna.ge

მთავარმა პროკურატურამ შპს ცენტრ-პოინტ ჯგუფის დამფუძნებელს და დირექტორს ახალი ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას ედავება. რჩეულიშვილთან ერთად, პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს დიღომი დისთრიქთ აფართმენთის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა, რომლის 9-თვიანი ვადაც მარტში იწურება. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ბოლოს, შპს დიღომი დისთრიქთ აფართმენთის დირექტორი მაია რჩეულიშვილი, მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დასაუფლებლად, შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროსს - ქეთევან ჟორდანიას, რათა ეს უკანასკნელი დაკავშირებოდა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, მოეთხოვა თითოეული მათგანისთვის 1 870 ლარის გადახდა. მ. რჩეულიშვილის დავალების შესაბამისად, ქ. ჟორდანია დაუკავშირდა ობიექტის მენაშენეებს, მოსთხოვა მათ და 2014-2016 წლების განმავლობაში შეატანინა ჯამში 258 092 ლარი, საიდანაც მიზნობრიობით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადარიცხული იქნა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას - 236 177 ლარს ქეთევან ჟორდანიას დახმარებით დაეუფლა მაია რჩეულიშვილი" - აცხადებს პროკურატურა.

ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებლისა და დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას ერთ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, მეორეზე კი - პატიმრობა.

"მიუხედავად იმისა, რომ მაია რჩეულიშვილს ბრალდების ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო 250 000 ლარის ოდენობით და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის ნოემბერში  წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მან  კვლავ განაგრძო მოქმედება მენაშენეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დასაუფლებლად  და ეპიზოდი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება, ჩადენილია გირაოში ყოფნის პერიოდში" - აცხადებს მთავარი პროკურატურა. 

გურამ და მაია რჩეულიშვილებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 თვის წინ შეუფარდა. მათ მითვისება/გაფლანგვას ედავებიან. მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები