მთავარი პროკურატურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი უდანაშაულოდ ცნო

kvira.ge

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ნორა არღვლიანის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 2016 წლის 17 ნოემბერს მიიღო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული სამივე ეპიზოდში გაამართლა. 

"ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ნორა არღვლიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ 2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი.

"მას არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა.

კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანი თითქოს დააკავეს 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას, მის საცხოვრებელ სახლს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სიტუაციის მართვის შტაბად იყენებდნენ, ნორა არღვლიანი კი, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ მონადირის წევრებს, არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ნორა არღვლიანი-კვიციანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა. ის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

კომენტარები