რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: დღეს მედია დასაცავი არის პირველ რიგში ხელისუფლებისგან

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ისაუბროს დავარცხნილი ტექსტებით, მათ ეტყობათ ძალიან სერიოზული პანიკა". მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით, ხოშტარიამ რუსთავი ორის ეთერში აღნიშნა, რომ დღეს მედია დასაცავია პირველ რიგში ხელისუფლებისგან.

"პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება დაესხა თავს კრიტიკულ მედიას. დღეს მედია დასაცავი არის პირველ რიგში ხელისუფლებისგან და მეტი არავისგან. ეს ჩამწკრივებული ვიზიტები სტრასბურგში და ძალიან სასაცილო განცხადება, რომ თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში დაემთხვა და თითქოს რაღაც რეფორმებზე ესაუბრებოდა... ხელისუფლებას ეტყობა პანიკა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გამოინახა რესურსი, არ გამოიძებნა არც ერთი ადამიანი და ინსტიტუტი ხელისუფლებაში, არც ერთი ინსტანცია სასამართლო ხელისუფლებაში, რომ ამ უსამართლობისთვის დაეერქვა სახელი და მედიაზე თავდასხმისთვის დაერქვა თავისი სახელი, აქედან გამომდინარე, დაზარალდა ქვეყანა, რადგან ჩვენ გადავედით ქვეყნების რიგში, სადაც შიგნით რესურსი ადამიანის უფლებების დაცვის, კრიტიკული აზრის დაცვის, აღარ არსებობს და გვიწევს ამ უფლების დაცვა უკვე ქვეყნის გარეთ" - განაცხადა ხოშტარიამ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმითვე, სტრასბურგმა რუსთავი 2-ის საქმეზე ძალიან კარგად იცის, რომ "აქ არის, სწორედ ხელისუფლების ბრალი".

"ამაზე საუბრობს სტრასბურგი და ამიტომ შეაჩერა აღსრულება, ხელისუფლების, მთავრობის, სახელმწიფოს ბრალი, რომ იზღუდება თავისუფალი მედია, ეს პირდაპირ გაკეთებული განცხადებაა, ასეთივე განცხადებები აქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ისინი საუბრობენ მედიის, მედიაპლურალიზმის, დემოკრატიის პრობლემაზე" - აღნიშნა ხოშტარიამ.

სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები