რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის იურისტი: სტრასბურგის წინააღმდეგ წასვლა იქნება რუსეთის შედეგის გამეორება

ტაბულა

რუსთავი ორის ადვოკატის თამთა მურადაშვილის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ წავა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება რუსეთის შედეგის განმეორება.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერი ორგანოს მხრიდან, რომელიც ნებისმიერი ფორმით პირდაპირი, ძალადობრივი გზით ან არაძალადობრივი გზით, ვითომ სამართლებრივი და ფორმალურ ჩარჩოებში მოქცევით, რაიმე ფორმით ვერ აღასრულებს იმ შედეგს, რაც თქვა სტრასბურგმა, რომ უნდა დადგეს, ანუ არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არ უნდა ჩაერიოს არავინ არხის სარედაქციო პოლიტიკაში, აი, ამ გადაწყვეტილების რაიმე საწინააღმდეგო შედეგის დაყენება გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ საქართველო, სახელმწიფო დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლს. ეს იქნება რუსეთის შედეგის გამეორება, ასე იქცევა მხოლოდ რუსეთი" - ამბობს მურადაშვილი.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ზე კონტროლის ასაღებად, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ადვოკატი პაატა სალია ON.Ge-სთან საუბარში ამბობს, რომ "გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, შეიძლება ეს ბერკეტიც იქნეს გამოყენებული".

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

იქამდე, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და ქვეყნის შიგნით არ საჩივრდება.

კომენტარები