საპროტესტო აქცია ბათუმში

პროკურატურამ ბათუმის საპროტესტო აქციაში მონაწილე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებში მონაწილე 7 პირს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პოლიციელებზე, მათ სამსახურეობრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით) და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე).

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ხოლო ერთი არასრულწლოვანი პირის მიმართ ბრალდების მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს, რაც 3 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე. დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს. დაახლოებით 00:30 საათზე ლაშა დეკანაძემ, მინდია ბერიძემ, გიორგი ბერიძემ, გენადი მამულაძემ, კახა მახარაძემ და ორმა არასრულწლოვანმა (მათ შორის ერთ-ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი), ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა მოქალაქეებთან ერთად ქვებით, ე.წ "მოლოტოვის კოქტეილებით" და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა. შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, დააზიანეს, დაწვეს და გაანადგურეს მოქალაქეებისა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანები, ასევე გაანადგურეს 132 770 ლარის ღირებულების ქალაქის ინფრასტრუქტურა,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, გამოძიება კვლავ გრძელდება სხვა პირების გამოვლენის მიზნით. 

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები