ინფლაცია

ხორგუაშვილი: ინფლაციის ზრდა გაგრძელდება, თუ მთავრობა გადასახადებს არ შეამცირებს

ტაბულა

პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა ზვიად ხორგუაშვილმა გაზრდილ ინფლაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. საქსტატის მონაცემებით, მარტში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 5.4% შეადგინა. ხორგუაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის მატება გაგრძელდება, თუ მთავრობა გადასახადების შემცირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მარტში 5.4% შეადგინა. სულ უფრო ძვირდება სურსათი, მედიკამენტები და ტრანსპორტი. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია ბენზინსა და დიზელზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად:
- მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი;
- ამ ნაბიჯმა დააჩქარა ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პროდუქტი, მედიკამენტი, რაც ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე, ასევე გაძვირდა ტრანსპორტი;
- მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს;
- დაბალი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო აუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და ზრდის უმუშევრობას.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია", - ამბობს ხორგუაშვილი.

კომენტარები