IRI-ის კვლევა

კიკნაველიძე: კვლევამ აჩვენა მოსახლეობის სურვილი, მხარი დაუჭიროს კომპეტუნტურ ძალას

ტაბულა

"ევროპული საქართველოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც დაფუძნებიდან ერთი თვის თავზე მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოგვიცხადა როგორც პარტიას, ისე მის ლიდერებს" - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს კომუნიკაციების დირექტორმა ირაკლი კიკნაველიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის კვლევის შედეგები შეაფასა. 

"გამოქვეყნებული კვლევა მნიშვნელოვანია მოძრაობისთვის, რადგან პირველია ევროპული საქართველოს შექმნის შემდეგ. გამოკითხვამ აჩვენა მოსახლეობის სურვილი, მხარი დაუჭიროს კომპეტუნტურ და კონსტრუქციულ ძალას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ივანიშვილის რეჟიმი და გამოიყვანოს ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქართული ოცნების 5-წლიანი მმართველობის შედეგად აღმოჩნდა. ამასთან ერთად, დავით ბაქრაძე რჩება ყველაზე პოპულარულ ლიდერად და პოლიტიკოსების რეიტინგების ხუთეულშია.

ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ოცნების შეცდომები მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველოს ეკონომიკური ვითარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუარესდა.

ჩვენი ამოცანაა, აქტიური კამპანიით თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი ხედვა. ჩვენ შევცვლით ივანიშვილის მთავრობას ქვეყნის ნგრევის გარეშე" - განაცხადა კიკნაველიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, ქართულ ოცნებას იმ ამომრჩევლის 30% ემხრობა, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 15%, ხოლო ევროპულ საქართველოს - 8%. აღსანიშნავია, რომ კვლევა ენმ-ის გაყოფიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდა.

კომენტარები