United Airlines

United Airlines-ის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგზავრი რეისიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელებსა და უცხოურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩაიყვანეს თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგზავრი.

შემთხვევა ჩიკაგო-კენტუკის რეისზე მოხდა. კადრები რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თვითმფრინავში არსებულ ადგილებზე მეტი ბილეთი გაყიდა, რაც არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა, რადგან ავიაკომპანიებს ცარიელი ადგილები საკმაოდ ძვირი უჯდებათ და ზედმეტი ბილეთების გაყიდვით ისინი თავს იზღვევენ. თუმცა, United Airlines-ის ამ რეისზე ყველა მგზავრი გამოცხადდა და ავიაკომპანიამ მოხალისეების ძებნა დაიწყო, ვინც ამავე კომპანიის 4 თანამშრომელს ადგილს დაუთმობდა, მაგრამ ამაოდ. რეისზე უარის თქმის მსურველი არავინ აღმოჩნდა.

მსგავს შემთხვევებში ავიაკომპანიები მგზავრებს ჯერ მომდევნო რეისით გამგზავრებას სთავაზოვენ, შემდეგ კი, მომდევნო რეისის ბილეთსა და ფულად კომპენსაციას. United Airlines-მა მსურველებს თავდაპირველად 400 დოლარი შესთავაზა, შემდეგ კი 800 დოლარი, თუმცა ადგილის დათმობის მსურველი მაინც არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ, ავიაკომპანიამ რეისიდან მოსახნელი კანდიდატების ძებნა თავად დაიწყო. ერთი წყვილი ავიაკომპანიის შეთავაზებას დათანხმდა. ავიაკომპანიის შეთავაზებას მესამე ადამიანიც დათანხმდა, თუმცა მისმა მეუღლემ ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ექიმი იყო, რომელიც მეორე დღეს სამსახურში უნდა გასულიყო. მისი თქმით, მას პაციენტები ელოდებოდნენ და ფრენას ვერ გადადებდა. ამის შემდეგ, ავიაკომპანიის ოთხმა თანამშრომელმა მამაკაცი სალონიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც ვიდეოში ჩანს, ინციდენტის შედეგად მამაკაცმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღო.

კადრების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ, ავიაკომპანია United Airlines-მა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები