ქართული ოცნება

პრეზიდენტი: ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ საარჩევნო კამპანია 2 წლით ადრე დამეწყო

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის პოლიტიკურად არც ისე გამოუცდელია, რომ წინასაარჩევნო კამპანია 2 წლით ადრე დაეწყო. პრეზიდენტს კამპანია "კონსტიტუცია ყველასიას" ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა ჰკითხა, თუ მმართველ გუნდში რატომ უწოდებენ ამას ნაადრევად დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას?

"საკუთარ თავის შესახებ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ გავიგე - გავიგე, რომ ტერორიზმს ვუწყობ ხელს იმითი, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე ჩემი აზრი კონსტიტუციურად გამოვთქვი, მოტივირებული შენიშვნების გზით და სახელმწიფოს ვანგრევ. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ თურმე ვაკონტროლებ სტრასბურგს და კიდე ერთი დღით ადრე გავიგე, რომ თურმე საკონსტიტუციო კომისიასაც ვაკონტროლებ. ამდენ მოსაზრებას მე ვერ მოვუყრი თავს. ასე რომ, რატომ ჩათვალეს, რომ სტრასბურგს ვაკონტროლებ ან ტერორისტებს ვაკონტროლებ ან ეს საარჩევნო კამპანიაა, ეს ჩემთვის ძნელი ასახსნელია", -თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშილი ამბობს, რომ ის საარჩევნო კამპანიას არ ატარებს და მთავრობას ახსენებს, რომ საზოგადოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებდა, საპარლამენტო არჩევნებზე მისულიყო.

"ალბათ, ამისთვის მინდა დიალოგი, რომ ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, ეს კითხვაც გაჩნდება - რატომაა საარჩევნო კამპანია? შარშან იმავეს ვაკეთებდი, როდესაც დავდიოდი, ჩემი საარჩევნო კამპანია არ იყო, პარლამენტის არჩევნები იყო და მოვუწოდებდი საზოგადოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მისულიყვნენ. თუ საარჩევნო კამპანიას ვატარებ, პოლიტიკურად ასეთი გამოუცდელი ვარ, რომ 2 წლით ადრე დავიწყო კამპანიას? თუ საარჩევნო კამპანიას ვატარებ, წარმოიდგინეთ 2 წელი როგორ უნდა გავწელო? პოლიტიკურად ასეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ ასე ვერ დავგეგმო საარჩევნო დღის წესრიგი. ამიტომ, სრულიად გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას" - თქვა მარგველაშვილმა.

"კონსტიტუცია ყველასიას" ნაადრევად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა უწოდა.

კომენტარები