საკეისრო კვეთა

სერგეენკო: საკეისროების რაოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საქართველოში - 34%-ია

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში საკეისრო მშობიარობათა რაოდენობა დასაშვებზე მაღალია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსოფლიოში აღიარებული დასაშვები თანაფარდობა საკეისრო კვეთასა და ბუნებრივ მშობიარობას შორის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საქართველოში კი ის 33%-34%-ის ფარგლებშია. 

სერგეენკოს თქმით, 2013 წელთან შედარებით ამ მიმართულებით არსებული პროგრესი შესამჩნევია - "როდესაც 2013 წელს სტატისტიკა შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში საკესიროების რაოდენობა იყო წარმოაუდგენლად მაღალი, ზოგჯერ 50%-ზე და 60%-ზე მაღალი. რიგი ზომების გატარების შემდგომ საშუალო პროცენტი მთელ საქართველოში საკეისროების რაოდენობა მცირდება", - ამბობს სერგეენკო.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 56.6 ათასი ჩვილი დაიბადა, მათგან დაახლოებით 16.6 ათასი სწორედ საკეისრო კვეთით ჩატარებული მშობიარობის შედეგად გაჩნდა. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარტში ძალაში შევიდა სახელმწიფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის ახალი წესები, რომლებსაც სელექტიური კონტრაქტირება ეწოდება. ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებებს საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირებისკენ უბიძგებს.

"სელექტიურ კონტრაქტირებაში ერთ-ერთი პუნქტად ეს არის ჩადებული, რომ მხოლოდ ის დაწესებეულებები დააკმაყოფილებენ, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კრიტერიუმებს, რომლებიც აჩვენებენ მყარ შემცირებას საკეისროს რიცხვის. ამ ინსტრუმენტიდან მოლოდინი ერთ-ერთი არის ის რომ ის შეამცირებს საკესიროების რაოდენობას", - ამბობს სერგეენკო. 

კომენტარები