საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე პრეზიდენტზე: დიპლომი არ ეკუთვნით, ყოველ შემთხვევაში - ჩემგან

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

”დიპლომი არ ეკუთვნით, ჩემგან ყოველ შემთხვევაში” - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისდამი მიმართულ რეპლიკას გამოეხმაურა. დღეს მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო სახალხო განხილვების შესახებ კობახიძეს უთხრა - "იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცი ბარემ, იმდენ ლექციას დავესწარი".

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს.

"ასეთ შემთხვევაში, მათ ნამდვილად მეტი ცოდნა ექნებოდათ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ფაქტობრივად, არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ სინანულით შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩაერთვნენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში”, - განაცხადა კობახიძემ. 

უკვე ორი კვირაა, კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა რეგიონებში მიმდინარეობს. პრეზიდენტი რამდენიმე დისკუსიას დაესწრო. დღევანდელ შეხვედრაზე კი, რომელიც თელავში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილი არ მივიდა.

კონსტიტუციის რედაქციის პროექტი საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო. დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდა ოპოზიცია. კომისია მის გაუქმებამდე დატოვეს მოძრაობამ - სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, დემოკრატიულმა მოძრაობამ, პატრიოტთა ალიანსმა, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა, აგრეთვე, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა პარტიებმა.

კომენტარები