აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში განთავსებული სომხეთის სარაკეტო სისტემა გაანადგურა

AP

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში განთავსებული სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გაანადგურა.

მომხდარს გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება და განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ის უპასუხოდ არ დარჩება. მათი ცნობით, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა შეხების ხაზის აღმოსავლეთით, მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტზე.

"ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალების პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - წერს მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც თავდაცვის წინა ხაზზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა" განათავსეს. აზერბაიჯანის ნაბიჯი კი შექმნილ რეალურ საფრთხეზე პასუხი იყო. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, მათ მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა" განადგურებულია.

კომენტარები