ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულს პოლიციელები სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, პოლიციელთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.
"თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა დ.გ.–მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–დან 4 საათზე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა.
დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელებმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს.
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის სამედიცინო შემოწმების ფორმაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ასევე სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს, დ.გ.–ს აღენიშნებოდა დაზიანებები" - აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ.
"გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება" - აღნიშნავს ომბუდსმენი.