ინფლაცია

ხორგუაშვილი: ინფლაციის ზრდა გაგრძელდება, თუ გადასახადები არ შემცირდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა ზვიად ხორგუაშვილმა გაზრდილ ინფლაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ხორგუაშვილის თქმით, ქვეყანაში მოსალოდნელია გაზის ტარიფის მატება, რაც კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ინფლაციაზე.

საქსტატის მონაცემებით, ივნისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 7.1% შეადგინა. განსაკუთრებით მაღალი იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 15.3%-ს შეადგენს, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი).

"განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 15.3%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც. გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. გაძვირებამ ყოველ 100 ლარზე დამატებით 7 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს", - ამბობს ხორგუაშვილი.

ხორგუაშვილის თქმით, არსებული ვითარებიდან "გამოსავალია ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, ქართული ოცნება ჯიუტად ამბობს უარს."

კომენტარები