სუნელები

რომელ სუნელებში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა - სურსათის სააგენტოს კვლევა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან   სხვადასხვა სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. 75 ნიმუშიდან დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.

მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში ერთ კილოგრამში ხუთ მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში:

  • წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“);
  • მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.“ელგუჯა ჯახაია“);
  • მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.“გიგა შარანგია“);
  • სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.“მადონა თოდუა“).

სურსათის სააგენტოს ცნობით, პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მას ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ გაანადგურებენ.

"გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას"- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო და აღნიშნავს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ეცნობება ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს. ასევე, ინფორმაციას მიაწოდებენ საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან კვლევების შედეგების გაცვლის მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში  ტოქსიკური ელემენტების - მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს  2010 წლიდან ატარებენ. სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია  ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და  სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. 

კომენტარები