საია პოლიტიკოსებს: დაიცავით ოთარ აბესაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან დაკავებული ოთარ აბესაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საიას განცხადებით, აბესაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ.

"მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს  ბრალდებულის  მიმართ  ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან  გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - იმ ერთადერთ ორგანოს საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ საქმის განხილვაც არ დაუწყია" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა იმ თავითვე არ იყოს მიკერძოებული. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უნდა იქნეს აღქმული უდანაშაულოდ.

საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ სახელმწიფო უწყებების მსგავსად, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად" - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძის დაკავების შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ის მათი უშტატო თანამშრომელი იყო. ამასთან, დედაქალაქის მთავრობა "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები