პატრიოტთა ალიანსი

ლომია ლატარიას ბრალდებაზე: თავს იპიარებს, ცილისწამებისთვის სარჩელს შევიტანთ

გიორგი ლომია
საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ლატარია, რომელიც 2016 წელს პატრიოტთა ალიანსის სახელით თბილისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოდა, ყოფილ თანაგუნდელ გიორგი ლომიას წამებასა და შვილის მოკვლით მუქარაში ადანაშაულებს. 

"გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს. როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტა ხნით შემეშვნენ,"- წერს ლატარია Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"ნეტგაზეთის" კითხვაზე, მომხდარისთანავე რატომ არ გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია, ამბობს, რომ ფაქტის გასაჯაროვების შემთხვევაში, ლომია ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობით ემუქრებოდა. 

"ორი მიზეზის გამო: 1. ორსული მეუღლე მყავდა და მანქანით გავიტანთო, დამემუქრნენ, და მეორე მქონდა ირმა ინაშვილის იმედი, რომ ის მის დასჯას მოახერხებდა, თუმცა შევცდი,"- ამბობს ლატარია სააგენტოსთან საუბრისას. 

ლატარიას თქმით, მან უკვე მიმართა პროკურატურას და მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს. მისი თქმით, მიზეზი, რის გამო მას გიორგი ლომია ფიზიკურად გაუსწორდა, დავით-თარხან მოურავს უკავშირდება. ლატარია ყვება, რომ მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება Facebook მიმოწერიდან ე.წ სქრინმა გამოიწვია, სადაც ის თარხან-მოურავს აგინებდა, თუმცა ლატარია განმარტავს, რომ სქრინი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და თარხან-მოურავს კი არა, პარტიის სხვა წევრებს აგინებდა. 

ლატარიას მტკიცებით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა იციან და სწორედ ისინი დაეხმარნენ პატრიოტთა ალიანსის ოფისიდან ცემი შემდეგ თავის დაღწევაში. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები გიორგი ლომია და ირმა ინაშვილი ლატარიას ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით, ეს არის მიზანმიმართული კამპანიაა მათი დისკრედიტაციისთვის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც პარტიის ვიზიტს მოსკოვში, ასევე "რეიტინგის ზრდას".

"ირაკლი ლატარიას არავინ არ ემუქრებოდა, არც მომავალში არ დაემუქრება. არავითარი ინტერესი, მოტივაცია არც ჰქონდა და არც არასდროს ექნება გიორგი ლომიას, რომ ვინმეს დაემუქროს. აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენ გამოძიებასთან. მე მეჩვენება, რომ ეს შეიძლება იყოს მართული პროცესი,"- ამბობს ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გიორგი ლომია ირმა ინაშვილის მსგავსად მიიჩნევს, რომ ეს მართული პროცესია და ამბობს, რომ ცდილობს, დაადგინოს ვინ მართავს ამ პროცესს. ლომიას თქმით, ის ცილისწამებისთვის აპირებს ჩივილს. 

"იცნობთ ირაკლი ლატარიას? როგორც თქვენ არ იცნობთ, ასე არ იცნობს მას საქართველოს მოსახლეობის 99,9%. დღეს ყველა არის დაკავებული იმით, რომ სხვის ხარჯზე თავი გაიპიარონ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ბრალდებას, ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან სამართლებრივი ფორმით, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია იქნება. ჩვენ ცილისწამებისთვის შევიტანთ სარჩელს,"- ამბობს გიორგი ლომია. 

კომენტარები