პრემიერი: მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში მოხალისეების საჭიროება არ არის. მან აღნიშნა, რომ ქარსა და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა მოხდება ცეცხლის ლოკალიზება და მისი ჩაქრობა.

"მინდა ვთქვა, რომ ამ ოპერაციებში, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სატყეო დეპარტამენტი და მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური სამუშაო, რასაც ყველა ეს ადამიანი დიდი წარმატებით ართმევს თავს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მოხალისეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა საგანგებო შტაბმა და საქართველოს პრეზიდენტმაც.

"მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული. ამავე დროს მოხალისეებს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისათვის" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

საგანგებო შტაბის განცხადებითაც, "ამ დროისათვის არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზირებული ცოცხალის ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას. საგანგებო აღჭურვილობის გარეშე ხანძრის კერებთან მიახლოება არის საშიში". საგანგებო შტაბი მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებსა და მაშველებს.

თუმცა, მოწოდებების მიუხედავად, მოხალისეთა ნაწილი დღეს ბორჯომის ხეობაში მაინც ჩავიდა.

"13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაინც საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მოხალისე ყოველთვის იპოვის იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს. ჩამოვედით და მივეხმარებით ბიჭებს. უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისად, კერებთან უფრო მეხანძრეები მუშაობენ, ვიდრე ჩვენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ დავით ცაბოშვილმა.

კომენტარები