ოპოზიცია უმრავლესობას: ცდილობთ, გვერდი აუაროთ ჩვენს პოზიციას

გარემოს დაცვის სამინისტრო

11 ოპოზიციური პარტია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე, ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთიანი პოზიცია გამოხატა.

"კონსენსუსის მიღწევისათვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა შესაძლებელად მიგვაჩნია პლებისციტის მეშვეობით.

„ქართული ოცნების” მიერ აღნიშნული ჩვენი პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად ვართ შევიდეთ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშირებით" - ნათქვამია მიმართვაში.

პარტიების განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს გვერდი აუაროს ოპოზიციის პოზიციას და მისთვის სასურველ ფორმატში წარმართოს კომუნიკაცია.

"რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას.

წინამდებარე წერილზე ხელმომწერი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს და გაითვალისწინოს, რომ რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო  ბარიერის თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსენსუსის მინიმალურ სტანდარტს და სრული პასუხისმგებლობა კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება" -- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ახალი საქართველო, ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული პარტია, საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.

კომენტარები