სტიქია

ქარიშხალმა ირმამ ანტიგუა და ბარბუდას გადაუარა

AFP/Getty Images

ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერმა შტორმმა კარიბის ზღვის კუნძულებს, ანტიგუას და ბარბუდას გადაუარა. უკანასკნელი ინფორმაციით გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ მინისტრის, გასტონ ბრაუნის თქმით ბარბუდა თითქმის მთლიანად ნანგრევებადაა ქცეული. „კუნძული წყლის ქვეშაა. ჩემი აზრით ახლანდელი მდგომარეობით ბარბუდაზე ცხოვრება შეუძლებელია.“- თქვა მან. კუნძულის მოსახლეობა 1,800 ადამიანს შეადგენს და მათი ნახევარი ამჟამად უსახლკაროდაა დარჩენილი. პრემიერ მინისტრის განცხადებით ამჟამად ბარბუდას მოსახლეობას წყალი, ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი არ მიეწოდება. მისივე თქმით აღდგენითი სამუშაოები 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება. ქარიშხალმა ბარბუდას ერთადერთი აეროპორტიც დააზიანა, რის გამოც დახმარება კუნძულს ანტიგუადან ვერტმფრენებით და ნავებით მიეწოდება.

ანტიგუა, რომლის მოსახლეობაც 80,000სს შეადგენს ნაკლებად დაზარალდა. არ დაფიქსირებულა ქარიშხლის გამო გარდაცვალების შემთხვევები.

პროგნოზების მიხედვით ქარიშხალი „ირმა“ დღეს დომინიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროს ჩაუვლის.

რეგიონში კიდევ ორი შტორმი მძვინვარებს და პროგნოზების მიხედვით მათი გაძლიერება და ქარიშხლად ქცევა არის მოსალოდნელი.

კომენტარები