ტრანსპორტი

2017 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 9%-ით შემცირდა

flickr.com

2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს რკინიგზამ 6.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

რკინიგზასთან ერთად შემცირებულია საქართველოს პორტებსა და ნავთობტერმინალებში გადამუშავებული ტვირთვის მოცულობაც. წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ნავსადგურებმა 9.6 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს, რაც 2016 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ტვირთბრუნვის კლება წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

რკინიგზისგან განსხვავებით წელს გაზრდილია საავტომობილო ტრანსპორტით (ტრაილერებით) გადაზიდული ტვირთის მოცულობა და ის 15.3 მილიონ ტონას შეადგენს. ეს ამავე პერიოდში რკინიგზის გადაზიდვებს 2.4-ჯერ აღემატება.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წელს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები