არჩევნები 2017

შესაძლოა, სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დაჯარიმდეს

შესაძლოა, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დაჯარიმდეს. №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ცნობისთვის, დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტო, რომელშიც ბავშვებს ქართული ოცნების პარტიული დროშები უჭირავთ. ფოტო საჯარო სკოლის მასწავლებელმა Facebook-ზე ატვირთა. ამასთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა დაიწყო.

"მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა" - აცხადებს ცესკო.

გარდა ამისა, №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს FB-გვერდზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

ასევე, №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა. ცესკოს ცნობით, ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები