არჩევნები 2017

ქართულმა ოცნებამ 400 ავტობუსი დაიქირავა

Kakha Kaladze/Fb.com

ადგილობრივი თვითმმარელობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ თანხას ქართული ოცნება ხარჯავს. ოცნებამ მხოლოდ 22 აგვისტო 11 სექტემბრის მონაკვეთში 3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო და 1.8 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. 

ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარტიამ წინასაარჩევნოდ 414 ავტობუსი და 40-მდე ავტომობილი დაიქირავა, რაზეც 22 აგვისტო 11 სექტემბრის პერიოდში 67 ათასი ლარი დაიხარჯა.

პარტიას დაქირავებული ავტობუსებით სხვადასხვა წინასაარჩევნო ღონისძიებაზე საკუთარი აქტივისტები დაყავს.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარტიამ საარჩევნო ღონისძიებებზე დეკორაციებისა და სცენების მოწყობისთვის 105 ათასი ლარი გადაურიცხა. პარტია მერობისა და მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენაზე კონცერტებს მართავს, სადაც ესტრადის მომღერლებს (სოფო ბედია, ანრი ჯოხაძე და სხვებს) კონცერტში 3 125 ლარს უხდის. ჯამში ასეთი კონცერტები 25 ათასი ლარი ჯდება. 

ოცნებაზე მთლიანი პოლიტიკური შემოწირულობების 95% მოდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზაფხულის განმავლობაში ქართული ოცნება 7.3 მილიონი ლარით გამდიდრდა. 

ოცნებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობების 95%-ზე მეტი მოდის.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ასე გამოიყურება (წარმოდგენილია 5 პარტია)

  • ქართული ოცნება - 7 343 993 ლარი
  • ევროპული საქართველო - 323 675 ლარი
  • პატრიოტთა ალიანსი - 15 600 ლარი
  • გირჩი - 15 300 ლარი
  • ედპ - 12 204 ლარი

ქართული ოცნების შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები ასევე ფიზიკური პირები. საინტერესოა, რომ აგვისტოში ოცნებას შეწირეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ. მაგალითად დეპუტატ კახა ოქრიაშვილის კომპანიებმა GMP/PSP-მა ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხეს. PSP-ს ბოლო წლების განმავლობაში 40 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული, PSP დაზღვევას კი დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული.

ოცნებას 20 000 ლარი ჩაურიცხა კომპანია სამშენებლო კომპანია შარამ, აღნიშნულ კომპანიას ტენდერებში ბოლო წლების განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო.

კომენტარები