ხარძიანია საქმე

ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, როგორც ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს, ასევე ოლეგ დოევს. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასი წერია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის, დამნაშავედ სცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი.

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. “- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს,  2015 წლის 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა და ბრალი ორ პირს წაუყენა. პროკურატურის მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ  ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით ინტენსიური გამოძიება გრძელდებოდა. მსჯავრდებულები ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი მიმალვაში იმყოფებიან და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა. 
 

კომენტარები